ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

ევროპარლამენტის დელეგაციამ სადახლოს საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა

21.09.2017

ევროპარლამენტის დელეგაციამ სადახლოს საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა.

სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას გაეცნენ. ევროპალამენტის 12 კაციან დელეგაციას, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის თანა-თავმჯდომარე, საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა. დელეგაციას ასევე თან ახლდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი. სტუმრებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა ელენე რომელაშვილმა უმასპინძლეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც სადახლოს საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. უცხოელი სტუმრები გაეცნენ ქვეყანაში მოქმედ ელექტრონული მმართველობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრების საკონფერენციო დარბაზები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. დარბაზით სარგებლობა შეუძლია როგორც მკვიდრ მოსახლეობას, ისე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ადგილობრივ მმართველობაში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით სააგენტომ განახორციელა პროექტი „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. ამჟამად საქართველოს მასშტაბით 47 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი ცენტრის გახსნა იგეგმება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text