ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყვიავის ახალგაზრდებს შეხვდა

08.08.2019

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყვიავს ესტუმრა. გოჩა ლორთქიფანიძე სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან ერთად ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და სპეციალურად მათთვის ორგანიზებული შემეცნებით-გასართობი სემინარი გახსნა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრებისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით სპეციალურად აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ბავშვებისათვის გაიმართა. 
მოზარდებისთვის მოეწყო სპეციალური ტრენინგები უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიების სტანდარტების გათვალისწინებით. შეხვედრის მონაწილე 8-დან 14 წლამდე ბავშვებს ტექნოპარკის ტრენერებმა საინფორმაციო ხასიათის შემეცნებით-გასართობი პროგრამა წარუდგინეს, კერძოდ: სპეციალურად მათი ასაკისთვის შემუშავებული სახალისო სემინარის შედეგად მოზარდებმა შეძლეს, ე.წ. Little Bits-ის მარტივი, სახალისო ელექტრონული კონსტრუქტორით შეექმნათ სხვადასხვა დანიშნულების სახალისო და შემეცნებითი ფერადი სათამაშოები.
ამავე შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდები სემინარის (Lego robotics) დახმარებით გაეცნენ რობოტების პროგრამირების საწყისებს. ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან შედგებოდა. მოზარდებმა მიიღეს ცოდნა კონკრეტული საკითხის შესახებ და შემდეგ ამ ცოდნაზე დაყრდნობით, კონკრეტული მახასიათებლებისა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ადგილზე საკუთარი ხელით თავადვე შექმნეს რობოტები. ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ტექნოპარკის „FABLAB“-ში არსებული დანადგარებისა და მათი შესაძლებლობების შესახებაც.
ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ტრენინგის ყველაზე უფროსი მონაწილე, სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ოდიაშვილი, 7-13 სექტემბერს, გაემგზავრება ქალაქ ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, სადაც ერთკვირიან სასწავლო კურსს გაივლის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში. 
საოკუპაციო ხაზთან საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ინიციატივა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკუთვნის. ცენტრები მოქმედებს ტყვიავში, მეჯვრისხევში, ბერძენაულში, ჯვარში, ორსანტიასა და რუხში. ცენტრების მიზანია კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საჯარო და კერძო სერვისების შეუფერხებლად მიწოდება.

Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text